საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გამყარების ფაქტორები დაასახელა.
„იყო პერიოდები, როდესაც ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, იყო პერიოდები როდესაც გამყარდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - მოხდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული დონე.
აქედან გამომდინარე ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული დონე რომელიმე გაცვლითი კურსის შენარჩუნების ან კიდევ რაღაცა ნიშნულზე შეჩერების. ჩვენ დროდადრო ვაწვდით ვალუტას 2020 წელს $916 მილიონი გავყიდეთ, თუმცა ეს არასოდეს არ ცვლის იმ კურსს რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი კურსი არის საუკეთესო საშუალება მცირე, ღია ეკონომიკისთვის, რომ შოკები შთანთქას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნა 2019-2020 წლებშიც ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული.
„რადგანაც საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსის ფორმირება მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად. როდესაც 2019 წელს გაუფასურდა გაცვლითი ნომინალური კურსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მოხდა ფენების აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან, არც დიდი ალბათობით ნიშნავდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდებოდა და იმ დროს თუ გახსოვთ, ასევე არსებობდა იმის რისკი, რომ სავაჭრო ემბარგოც შემოღებულიყო. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ვალუტის შემოდინება შემცირდებოდა და ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, კურსი გაუარესდა. იგივე ვითარება იყო პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც მობილობა გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა, ამასაც მოჰყვა გაუფასურება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს.
„თუ ჩვენ შევზღუდავთ მოკლე ვადაში რყევებს, მაშინ მივიღებთ გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას. თუ ჩვენ მოკლე ვადაში ვაძლევთ კურსს საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი “,- აღნიშნა გვენეტაძემ.