დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, კობა გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის დასადგენად გამართულ სხდომაში და ამის შემდეგ ბოლო ბრიფინგი გამართა, სადაც მედიის კითხვის საპასუხოდ, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესი განმარტა.
„იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც 9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია.
შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული.
სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს.
რაც შეეხება კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით დასახელებას, მისივე თქმით, ეს მისი ინტერესებში არ შედის, შემოტავაზების შემთხვევაში უარს იტყვის და საქმიანობის გაგრძელებას სხვა მიმართულებით აპირებს.
„დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ", - თქვა კობა გვენეტაძემ.