ლატვიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ზორზ ტიკმერსმა განაცხადა, რომ ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებთან ერთად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, იტყობინება მედიაგამოცემა Delfi.
„ლატვიის პოზიციაა, რომ თუ ეს თამაშები ახლა ჩატარდება და მასში სპორტსმენები რუსეთიდან და ბელორუსიდან მიიღებენ მონაწილეობას, ვფიქრობ, ლატვიის ნაკრები ამ თამაშებზე არ წავა“, - აღნიშნა ტიკმერსმა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს, მიუხედავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნისა, რომ სპორტსმენები სრულად გაირიცხონ ოლიმპიადიდან. IOC-ის განცხადებაზე საპასუხოდ, უკრაინის სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუტცეიტმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ IOC-ის გეგმა განხორციელდება.