ჯანი ბუკიკიო: საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, კანონდებლებმა ბევრჯერ მოგვმართეს რეკომენდაციებისთვის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები, რომლებზეც საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისია ამ დროისთვის მუშაობს. მათ შორის არის პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები.

კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე, კომიიის მიერ პროექტის წინასწარი ვერსიები დამუშავების პროცესშია და სამუშაო ვერსიები დოკუმენტის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

"ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია. თქვენი ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოგვმართეს მოსაზრებებისთვის, ახლა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მოსაზრება გვაქვს, ჩვენ უკვე ვამზადებთ დასკვნის პროექტის პირველად ვერსიას, რომელიც საარჩევნო თემატიკას ეხება. ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე ჩვენ მას გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოხდება. მეორე თემა ეხება ელექტრონული კომუნიკაციის კანონს, ჩვენი მოსაზრება მარტში გამოქვეყნდება. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოში ჩასვლა, ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა, მაგრამ ჩვენ გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსიები“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო.

პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებისგანხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დეკემბერში მიმართა.

კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატამა დაუჭირა მხარი.

სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

ეს საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს.

დეკემბერში ხელისუფლების საკანონდებლო ინიციატივას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს.

„ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში.

ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კანონპროექტის შეფასებისას.