ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის პირველი დეკემბრის მოთხოვნის შესაბამისად, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე 10-11 მარტს უნდა წარადგინონ დასამტკიცებლად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოდან აცნობეს.

ეს მოსაზრება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში მომზადდება.

ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გადაგზავნა ევროკავშირის რეკომენდაცია იყო. ამისკენ მოუწოდებდა მთავრობას ამერიკის ელჩიც.

„ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - აცხადებდა კელი დეგნანი


შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.