ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მანამდე, ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს.

ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.