თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინება თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu.
მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან.
„როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი უკავია.
იმედი მაქვს, რომ სომხეთი შემოგვიერთდება მომავალში, როცა ამ პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
ასევე წაიკითხეთ: