დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება, რომ PMC Wagner-ი (დაჯგუფება) ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადოს, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph-ი.
რა იმას ნიშნავს, რომ „ვაგნერი“ გაუტოლდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა, რომლებიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.
ასეთ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ზეგავლენა დაჯგუფება „ვაგნერის“ უნარზე, მოიზიდოს სახსრები, თუ აქტივები ან ფულადი ნაკადები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით არ ხდება.
PMC Wagner-ის აკრძალვის შესახებ მსჯელობა ბრიტანეთში ადრეულ ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ Daily Telegraph-ი თავის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ საკითხს „მწვანე შუქს“ სწრაფად „აუნთებენ“ უკრაინაში სიტუაციის სერიოზულობისა და ამ საკითხში ერთიანობის გათვალისწინებით.
გაზეთის ცნობით, ორშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში PMC „ვაგნერის“ საქმიანობის განხილვა გაიმართება. როგორც DailyTelegraph-ი წერს, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანეთის მთავრობა საჯარო კომენტარისგან თავს შეიკავებს.
ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.