რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ადგილი არ უნდა იყოს ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ შესაბამისი წერილები გაუგზავნა იმ კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
„ესენი არიან მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ნამდვილად არიან დაინტერესებულნი, რომ მათი რეპუტაცია და მხარდაჭერა არ გამოიყენონ ომის პროპაგანდისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა, ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცეთ. განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ვადიმ ჰუტსაიტი, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება და სხვა ოფიციალური პირები. პროტესტის ნიშნად უკრაინამ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს.