ნათია თურნავა: მივმართავ ავიაკომპანიებს, თუ მგზავრს არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითმფრინავში არ დაუშვან

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმრობთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ ეს ახალი წესები გააცნონ.

„ეს მოგცემს საშუალებას დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი, ვისაც სურს საქართველოს ეწვიოს და დაათვალიეროს. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.

ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.

ცნობილია, რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.