ამირან გამყრელიძე: ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია - 3,5%, ბოლო 7 დღეში - 4.7%, ბოლო 14 დღეში კი 5.8%“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სტაბილიზაციის თვალსაზრისით ბოლო 7 და 14 დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში - 4%“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პიკი იყო 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, 637 გამოჯანმრთელდა.