ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში ყალიბდებოდეს ფასები და ეს ფასები იყოს უფრო მეტად მისაღები, ვიდრე დღეს არის“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრი მთავრობის მეთაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს ძირითადი სასურსათო პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. ამასთან დაკავშირებით გვექნება მუშაობა და მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა სამინისტრომ მოახდინოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს გარიგებისა და შეთანხმების ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ფასებზე და იწვევდეს ფასების ხელოვნურად გაზრდას.
„შესაბამისი სამინისტროების ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან სხვადასხვა ალტერნატივას, შეისწავლიან საერთაშორისო ბაზრებზე საიმპორტო ფასებს, ასევე იმ გასაყიდ ფასებს, რომლებიც საბითუმოდ დღეს იმპორტიორებს, ან ძირითად ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და არა ფართო სპექტრზე – ეს არის ის ძირითადი სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება და რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში ძალიან დიდი წილი გააჩნია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც სამუშაო ჯგუფი გადადგამს. მინისტრის აზრით, სამუშაო პროცესში გამოიკვეთება ბევრი რამ, მათ შორის შედგება დიალოგი მწარმოებლებთან, რომ ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზდეს და არსებობდეს გაუმჯობესების სივრცეები ფასების დასაწევად.