თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მიწისძვრებს სულ 145 შემდგომი ბიძგები მოჰყვა და სულ 3741 შენობა ჩამოინგრა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი 1939 წლის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე დიდმა სტიქიამ შეძრა.

„ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- ნათქვამია Twitter-ზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იგრძნობოდა რეგიონის რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის ლიბანსა და სირიაში.

მიწისძვრას მსხვერპლი სირიაშიც მოჰყვა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი - გაზიანთეპი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.

7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გაზიანთეპთან, ორშაბათს, გამთენიისას მოხდა, როცა ხალხს ეძინა.

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქეც ემსხვერპლა.