„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე“.
„საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას. უკან რომ დაიხიეს, ეს მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც კარგია.
ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება.
თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და რეალურად მათ ამის რესურსი არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს, ამის იმიტაცია არის მათი საქმე. ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება. მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი და რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა.
7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.