ნიკა მელიას შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა სახელისუფლებო პარტიას კომფორტს უქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება.

მისივე შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ექმენება.

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, - ამბობს ნიკა მელია Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა.

7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.