უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ვიზიტით მყოფ გერმანიის თავდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს ბორის პისტორიუსს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას იმისთვის, რომ პირველი საგარეო ვიზიტი უკრაინაში გაიმართა.
„მადლობა უკრაინის მხარდაჭერის ამ სიგნალისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე შეაქო გერმანიის გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკები მიეწოდებინა და ასევე დაუშვას მათი უკრაინაში გადაცემა მესამე ქვეყნების მიერ, რაც გზას უხსნის საერთაშორისო სატანკო კოალიციის შექმნას.
ზელენსკიმ თანამოსაუბრეს ასევე გააცნო ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის ახალ ფაზაზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის ქალაქების და ელექტრო ქსელის დასაცავად, აუცილებელია უკრაინამ, რაც შეიძლება მალე მიიღოს ყველა საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, მხარეებმა გერმანიის მხარდაჭერით უკრაინის ცის დაცვისა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი განიხილეს.