სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში. ამასთან, სომხური მედიის ცნობით, მიწისძვრით დაზარალებულ სირიაში, ერევანი 30 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის.
თურქეთში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფი უკვე ჩავიდა და სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო.
სამშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, თურქ ხალხს სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.