წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წლის რეკორდული $7.9-მილიარდიანი ზარალის შესახებ განაცხადა. ხუთშაბათს Credit Suisse-ის აქციები თითქმის 15 პროცენტით დაეცა, რადგან შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური ზარალი დააფიქსირა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, რომელმაც ოქტომბერში გამოაქვეყნა დრამატული რესტრუქტურიზაციის გეგმა, 2022 წელს 7,9 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.
აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა განაცხადა, რომ ბანკს აქვს „მკაფიო გეგმა ახალი Credit Suisse-ის შესაქმნელად“.
ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ით არის შემცირებული. 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდის შემდეგ, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს.
Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. Credit Suisse-ი სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება და 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.