გერმანიის მარეგულირებლის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის არაა მიზანშეწონილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი ორგანოს, Robert Koch-ის ინსტიტუტის თქმით, ამ ასაკის ჯგუფისთვის AstraZeneca-ს მხრიდან "არასაკმარისი მონაცემებია" ხელმისაწვდომი.
„ცდების პერიოდში, მოხალისეთა მცირე რაოდენობის გამო, ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტურობაზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია",- ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.
მარეგულირებლის თქმით, არასრული მონაცემების გამო, ვაქცინა მხოლოდ 18-დან 64 წლამდე ასაკის ჯგუფისთვისაა რეკომენდებული.
ბრიტანული ვაქცინის მწარმოებლის ეფექტურებაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ვერ ახერხებს დოზების სათანადო დროში მიწოდებას.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.