ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია „მოქალაქეების“ ორი ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ხელისუფლებას სამი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხის გადაწყვეტა მოუწევს.

ელისაშვილის თქმით, მათ შორის არის ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება, რომელიც პარლამენტმა პირველ მაისამდე უნდა დაამტკიცოს.

"ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ მე და ლევან იოსელიანი ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ხელისუფლებამ სამივე საარჩევნო საკითხი პირველი მარტიდან პირველ მაისამდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დატოვებენ პარლამენტს.

"შეთანხმების თანახმად, ამ საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტში ინიცირება, პირველი მარტიდან უნდა მოხდეს. პირველ მაისამდე კი უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დავტოვებთ პარლამენტს", - აცხადებს ელისაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე შედგა თუ არა რაიმე შეთანხმება და იყო თუ არა საუბარი პარტიებისთვის ბარიერის დაწევაზე, ელისაშვილმა განცხადა, რომ სხვა საკითხებზე პასუხისმგებლობა დანარჩენმა ოპოზიციამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

"ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ორმა კაცმა რაც შევძელით სამი საარჩევნო საკითხი გამოვგლიჯეთ ოცნებას. დანარჩენი ოპოზიცია, 54 დეპუტატი არის გარეთ დარჩენილი. ისინიც შემოვიდნენ და იმათმაც იმუშაონ, რომ ეს საკითხებიც გამოჰგლიჯონ ხელისუფლებას. დანარჩენ პუნქტებზე მუშაობა გააგრძელოს დანარჩენმა ოპოზიციამ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამ დროისთვის "მოქალაქეების" გარდა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი - "ევროპელი სოციალისტები" , რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლაზე თანახმაა "გირჩი". "გირჩი" წარმოამდგენლების მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.