ANADOLU: თურქეთში მიწისძვრიდან 108 საათის შემდეგ, 41 წლის ქალი და მისი სამი შვილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

„თურქეთში მიწისძვრებიდან 100 საათზე მეტი ხნის შემდეგ გამოჰყავთ ცოცხალი ადამიანები“ - შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

მისივე თანახმად, ქალი გადაარჩინეს გაზიანთეპის პროვინციაში, ნიზიპის რაიონში, ორშაბათს რეგიონში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრიდან 107 საათის შემდეგ. ორი საათით ადრე ამავე შენობაში ნამსხვრევებიდან ამოიყვანეს ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

თოთხმეტი წლის ფატმა, სირიელი წარმოშობის თინეიჯერი გოგონა, მიწისძვრიდან 104 საათის შემდეგ კაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

ასევე კაჰრამანმარაშში, სადაც ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, 38 წლის კაცი ნანგრევებიდან 105 საათის შემდეგ ამოიყვანეს.

ნანგრევებში 108 საათის განმავლობაში იყო სირიელი ნეციპ ნაბუა, რომელიც ასევე ცოცხალი გამოიყვანეს იმავე პროვინციაში ხუთსაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად. კაჰრამანმარაშში მაშველებმა 35 წლის ალი იბრაჰიმი სტიქიიდან 103 საათის შემდეგ ასევე ცოცხალი იპოვეს.

კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს ჰათაის პროვინციაში ნანგრევების ქვეშ 107 საათის გატარების შემდეგ.

ოთხი საათით ადრე იმავე შენობიდან ექვსი ადამიანი გამოიყვანეს.

მეხანძრე-მაშველებმა ჰათაიში 108 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს 41 წლის დედა ნესლიჰან კარადენიზი და მისი შვილები 21 წლის ფატმა, 15 წლის მუნირე და 7 წლის რამაზანი.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის 105-ე საათში, პატარა ბიჭი და მისი შვიდი წლის ძმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს კაჰრამანმარაშის პროვინციაში.

104 საათის შემდეგ 60 წლის ეიუპ აკი ასევე ცოცხალი გამოიყვანეს ადიამანის პროვინციაში, დანგრეული შენობიდან.

პარასკევს ასევე გადაარჩინეს 66 წლის მურატ ვურალი, გაზიანთეპის პროვინციაში, ისლაჰიეს რაიონში, პირველი ორი ძლიერი მიწისძვრიდან 103 საათის შემდეგ. ეკიპაჟმა ზონგულდაკის პროვინციიდან ასევე გადაარჩინა დედა, იჰლას აიაზი და მისი ვაჟი იგიტი.

ამასთან, კაჰრამანმარაშში, აზერბაიჯანელმა მაშველებმა 15 წლის გოგონა გადაარჩინეს.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 19 000-ს გადასცდა.