თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 24600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მუშაობას 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს.
მისივე თქმით, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დავალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში შექმნა დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი დაკავების ორდერი გაიცა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა.
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 სტიქიამ მსხვერპლი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიწვია.