„საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, ეს პარტნიორობა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), მაიკლ კარპენტერმა ამერიკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, როგორც ცნობილია, მდივანმა ოსტინმა განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამასთან, დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან.
„როდესაც თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილედ ვმუშაობდი (2015, 2016 და 2017 წლებში), ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის საფუძველზე, მკვეთრად გაიზარდა თანამშრომლობა აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის.
საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანა იყო და ის ასევე ისწრაფვოდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
მე ვერ ვისაუბრებ ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ აშშ წლებია, ამ მიზნებს მტკიცედ უჭერს მხარს და საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რათა ქვეყანამ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეძლოს. არ უარვყოფ რომ ბოლოდროინდელი მონაცემები ზოგიერთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ხელისუფლების კურსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.
ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რადგან არის გარკვეული შეშფოთება. მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს და როგორც მდივანმა ოსტინმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს (გლობალურ უსაფრთხეობაში. რედ) - საქართველოს, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში ჰყავდა ბევრი, ბევრი ჯარი და ქვეყანამ დიდი მსხვერპლი განიცადა. და ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ ამ წვლილისთვის.
ამდენად, ეს პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმავე ღირებულებების ერთგულებაზე, რაზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ესენია: დემოკრატია, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება, ღიაობა, გამჭვირვალობა და ა.შ“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.