NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გააკეთა.
მისივე თქმით, ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
„მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს.
ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.