NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცის გაგზავნით უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში. შესაბამის ციტატას Financial Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, საბრძოლო იარაღმა უნდა მიაღწიოს უკრაინას, ვიდრე რუსეთი შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას ბრძოლის ველზე.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსს სჭირდება საბრძოლო მასალის წარმოების ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 14 თებერვლის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება.
მისივე თქმით, რაც უფრო სწრაფად მიეწოდება უკრაინასიარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, 14 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება უკრაინის ცის დაცვა, „სატანკო კოალიციის“ განვითარება, საბრძოლო მასალის უსაფრთხოების ზღვრის ფორმირება, უკრაინის ჯარების სასწავლო პროგრამები და სამხედრო მხარდაჭერის სტაბილურობა.