რა საარჩევნო ცვლილებებს ითვალისწინებს „მოქალაქეებსა“ და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს, რომლის შეცვლის დამტკიცების სანაცვლოდ, საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამივე საკითხის ინიცირება პარლამენტში პირველი მარტიდან უნდა მოხდეს, საბოლოოდ კი პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს, წინააღდეგ შემთხვევაში "მოქალაქეები" ისევ დატოვებენ პარლამენტს.

„ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება. პირველი ეს არის ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი", - განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.