თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა თურქეთს „მეგობრობის ხელი“ გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ.
ჩავუშოღლუს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ვიზიტი თურქეთში საშინელი მიწისძვრების შემდეგ მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
„სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს და აჩვენა სოლიდარობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქ ანკარაში.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება: „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას“.
ჩავუშოღლუს თქმით, დღის წესრიგში დგას სომხეთთან სახმელეთო მარშრუტების გახსნის საკითხი: „დღეს ჩვენც ვისაუბრეთ ამაზე“.
შეგახსენებთ, სომხეთმა 28-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა თურქეთში მიწისძვრების შემდეგ.
„მათ გაგზავნეს 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და განაცხადეს, რომ დამატებით დახმარებას გაგზავნიდნენ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მირზოიანმა, თავის მხრივ, ამ რთულ დროს მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთის მზადყოფნა დააფიქსირა. სომეხი უმაღლესი დიპლომატი, სავარაუდოდ, მოგვიანებით ეწვევა ადიამანს, სადაც მისი ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.