რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს, ამასთან, პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მხრივ, ლაკმუსის ტესტია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

რეზოლუციის ავტორები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.

„ევროპული რეფორმების მიმართულებით ქვეყნის პროგრესი პოლიტიკის ცენტრში უნდა დაბრუნდეს”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის მოწოდებით გამოდის.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.

„[რეზოლუცია]კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპული] საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.