ISFD-ის პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილების საკითხი ისევ აქტუალურია

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ცდომილებასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა.

ISFED-ის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის ახალი მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში მეტობა დაფიქსირდა.

„დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. ვაპირებთ, დავუშვათ გამონაკლისი და შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც დაფიქსირდა მეტობა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან, რათა ნებისმიერი ეჭვი აღმოფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის მაქსიმალური სტანდარტი”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ.

2020 წლის ნოემბერში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკო-ს მონაცემებთან 4 პროცენტიან ცდომილებაში მოდიოდა. რის საფუძველზეც ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკოს ხმების დათვლის შემაჯამებელი ოქმების და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. 11 დეკემბერს კი ISFED-მა არჩევნების მონიტორინგის შედეგების გადამოწმებული, დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ცესკო-ს მონაცემები, მათ მონაცემებს ემთხვეოდა.

8%-იან ცდომილების ბრალდებასთან დაკავშირებით, ISFD-ის დღევანდელ ბრიფინგს, ცესკო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მორიგ არასწორ ინფორმაციას აქვეყნებს.

„სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია. დღეს უკვე, 8-პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია. ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში”, - აღნიშნავს ცესკო-ს პრესსპიკერი.

„სამართლიანი არჩვენების“ დღევანდელ პრესკონფერენციას "ნაციონალური მოძრაობაც" გამოეხმაურა.

„კარგია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხელახლა გადათვალა ოქმები და კვლავ დისბალანსური ოქმების რაოდენობა რვა პროცენტს შეადგენს. პოლიტიკური პარტიების სრული მონაცემებით, ბევრად უფრო მეტია. რა თქმა უნდა, შემდგომი მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქმებს ასწორებდა და საბოლოო ჯამში, განსხვავება „სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების 0.4 პროცენტსა და ცესკოს ანალოგიურ მონაცემებს შორის შესაძლოა, დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ოქმები რიგ შემთხვევებში კანონდარღვევით ჩასწორდა. სწორედ ამას ვამბობთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი აღარ აქვს აზრი, რადგან მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ეს ოქმები სწორდებოდა კანონდაღვევებით, თუ კანონის მოთხოვნების მოშველიებით“, – განაცხადა „"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ დღესაც მანიპულაციას ახდენს.

“ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის რასაც “სამართლიანი არჩევნები" თვენახევრის განმავლობაში ამბობდა, ოპოზიციისთვის რევოლუციაზე სალაპარაკოდ ყველაზე დიდი იარაღი იყო.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში განცხადა რომ, ოპოზიციის არგუმენტებიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ISFED-ის პირველადი შედეგები იყო. მისი თქმით, ოპოზიციას ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალა

დღეს ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დანარჩენ პარტიებს კი, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, გადაწყვეტილების შცვლა 2 თებერვლამდე შეუძლიათ.

როგორც დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან პარლამენტს და საარჩევნო ცვლილებების იმ დოკუმენტს, რომელზეც უკვე ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი.

„პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ”, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის 12 დეკემბრის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ნოემბერშივე იცოდა რომ „სამართლიანი არჩვენების“ პირველადი მონაცემები მცდარი იყო. მისი თქმით, ხმების ხელახალ გადათვლას ISFD მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათანხდა და დაზუსტების შემდეგ მათი მონაცემები ცესკოს მონაცემებს დაემთხვა.

აღნიშნული ცდომილება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. მისი თქმით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 11 დეკმებრს გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ "ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%.

დეკემბერში ISFD-ის თავმჯდომარემ ორგანიზაციის შეცდომა აღიარა და ISFD-ის გამგეობის მოთხოვნით, თანამდებობიდან გადადგა.