ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“.
საქმე ეხება 18 ანგარიშს, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს.
„ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში იყვნენ ბაზირებულნი. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე აზიარებდნენ, არაავთენტიკური ანგარიშების გამოყენებით, პრორისული თვალსაზრისის გაძლიერების მიზნით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ამ პრორუსული პოზიციების გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა დისკურსი უკრაინაში მიმდინარე ომზე.
TikTok--ს ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ისინი ევროპელი მომხმარებლების სახელით მოქმედებდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ. კომპანიამ ასეთი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომლებსაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.