იქნება თუ არა რაიმე ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენი სანქციები კვლავ ძალაშია, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ ნახეთ, ერთი კვირის ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინებას. როდესაც ხალხი იღუპება და მათ ძალიან უჭირთ, შეერთებული შტატები უპასუხებს ამას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით - ზოგიერთი ასეთი საკითხი მე ახლახან განვიხილე. მაგრამ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც ველით ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ე.წ. მიწისძვრის დიპლომატიაზე ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს, როდესაც თურქეთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასება სთხოვეს.
„რა თქმა უნდა, მივესალმებით მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევას თურქეთის ხალხისთვის, სირიის ხალხისთვის, რომლებიც განადგურებულნი არიან 6 თებერვალს მომხდარი საშინელი მიწისძვრებით.
- მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით
- ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს
რიგმა ქვეყნებმა აჩვენეს სულისკვეთება, რომელიც აუცილებელი იქნება მიწისძვრის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად. შეერთებული შტატები მაგალითის მიცემას ცდილობს. ჯერჯერობით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ან გამოვაცხადეთ $85 მილიონის მხარდაჭერა თურქეთსა და სირიაში რეაგირებისთვის. მდივანს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს თურქეთში უახლოეს დღეებში და უფრო მეტი გვეცოდინება, რას გავაკეთებთ ჩვენი თურქი მოკავშირეებისთვის და სირიის ხალხისთვის უახლოეს დღეებში“.
„ჩვენი გზავნილი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისადმი, ასევე, მთლიანად რეგიონისადმი, არის ის, რომ მოიძებნოს დაძაბულობის დეესკალაციის გზები, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში ვიყავით ჩართული როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივ დონეზე და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ საქმის წინსვლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე მესიჯს გამოაგზავნიან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
სამხრეთ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 38000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ სოლიდარობის გზავნილები ასზე მეტი ქვეყნისგან მიიღო.