უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, ტერიტორიების გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო დაჩქარება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რაც უფრო დიდხანს გრძელდება ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, მით უფრო დიდი დესტრუქციულობა შეაქვს კრემლს რუხ ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რაც უფრო ხმამაღლა ითქმოდა, რომ უკრაინას ლოდინი სჭირდება, ვიდრე NATO-ს ღია კარში შესვლის უფლებას მისცემენ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა რუსეთის პოლიტიკა. რაც უფრო გრძელი იყო ყირიმთან დაკავშირებით სიჩუმე, მით უფრო ძლიერი ხდებოდა რუსული რევანშიზმი“.
- „უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული აგრესიის პოტენციალს, არის საუკეთესო გზა მშვიდობის მოახლოებისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის“.
„რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება. დღეს უკრაინის გამარჯვების, ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის შესვლის ალტერნატივები არ არსებობს. ამიტომ რუსული აგრესიის საბოლოოდ მოშორების ალტერნატივაც არ იქნება, ასევე მიწისა და ხალხის გათავისუფლების, რადგან ყოველი ჩვენი ქალაქი ან სოფელი - ეს ხალხია, რომელიც ტყვეობაშია. ადამიანები არ შეიძლება, კომპრომისის საკითხად იქცნენ”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.