აზერბაიჯანი და პოლონეთი შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავენ

აზერბაიჯანმა და პოლონეთმა შუა დერეფნის განვითარების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა.

ნაბიევი აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს გჟეგოჟ პიეჩოვიაკს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე შეეხო საუბარი ავიაციის სფეროს.

ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. მოგვიანებით, პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად მარშრუტი, რომელიც ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან იწყება, ევროპისკენ ვრცელდება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს.

კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

„შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.

კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს.

გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.