ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაში, რომელსაცვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.
სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.
სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.