რესტორატორთა ასოციაცია: ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება

"ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აქციით, რომელიც 24-საათიან ბოიკოტირებას ითვალისწინებს, სურთ სახელმწიფოს დაანახონ თუ რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ლიკვიდირებული იქნებიან და ვერ შეძლებენ მუშაობას.

„უმარტივესი მოთხოვნა გვაქვს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომელიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს.

ჩვენი ამ აქციით, რომელიც ითვალისწინებს 24-საათიან ბოიკოტირებას, გვინდა სახელმწიფოს დავანახოთ და გავუგზავნოთ მესიჯი, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები უბრალოდ ლიკვიდირებული იქნებიან და ვერ შეძლებენ ოპერირებას. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეპიდემიოლოგებს და ხელისუფლებას ვერ გავაგებინეთ, რა პრობლემის წინაშე დგას სტუმარ-მასპინძლობის სფერო და კვების ობიექტები. ამ კუთხით კი დავანახებთ, რომ მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ იქნება, სახელმწიფოს პრობლემაც იქნება, ეს გვინდა გავაგებინოთ. სხვა ლოგიკით ვერ შევაგნებინეთ ამ ხალხს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ გვესმის ალოგიკური ახსნა-განმარტება, რომ ეს სფერო ამ გამოწვევას გადაიტანს, ანუ იწილო-ბიწილოს თამაშობენ."- განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს და 15:00 საათზე მთავრობის კანცელეარიასთან აქციას მართავს.