საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარის მაძიებლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მილიონამდე ადამიანმა მოითხოვა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარზე ჯამში 966 000 განაცხადი შევიდა. წლიური ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს და 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როცა ე.წ მიგრანტების კრიზისის გამო თავშესაფარი დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანმა მოითხოვა.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან 28 797 განაცხადი შევიდა [იგულისხმება როგორც განმეორებითი, ისე პირველადი], მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 970 იყო, რაც დაახლოებით 90%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2016 — 8 775
2017 — 12 060
2018 — 20 950
2019 — 22 765
2020 — 8 905
2021 — 14 970
2022 — 28 797
ამას ემატება უკრაინის თითქმის ოთხი მილიონი მოქალაქე, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მექანიზმი გავრცელდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს თავშსაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არ მოუწიათ. ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სირიელები [დაახლოებით 132 ათასი განაცხადი] და ავღანელები [დაახლოებით 129 ათასი განაცხადი] ლიდერობენ. უკრაინის ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე დიდი ტალღა გამოწვია ევროპაში. 2022 წელს ევროპის ქვეყნებს თითქმის 5 მლნ პირის მიღება მოუწიათ, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ 966 ათას განაცხადში დაახლოებით 885 ათასი თავშესაფარზე პირველადი განაცხადი იყო.