ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?“, - ამბობს ბაიდენი.

მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.

უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას.