ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

"ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს.

„ჩვენი ქვეყანა არაა მდიდარი საკუთარი ნავთობითა და გაზით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჰიდრორესურსებითაა მდიდარი. ეს გვაძლევს საშუალებას, საკუთარ ენერგორესურსებს ვეყრდნობოდეთ.

ისეთ სამყაროში, სადაც ენერგორესურსები ხშირად ხდება პოლიტიკური გავლენისა და ზეწოლის ბერკეტი, გვაქვს შანსი, რომ პირიქით, ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, რომელიც თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით ამაყობს. ეს ენერგია უპირატესად მწვანე ენერგიაა, რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან, ჩვენი წყლიდან გამომუშავდება.

აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებდით ინვესტორს. პრაქტიკულად, ორი წლის განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა კვლევა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული, უსაფრთხო პროექტი, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ მართლაც, გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. სამშენებლო ტერიტორიაზე, პოლიცია იყო მობილიზებული.