საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის ჩართულობა სამშვიდობო მცდელობებში კარგია, თუმცა პეკინს მოუწოდა, არანაირი იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს.
მაკრონმა ასევე სთხოვა პეკინს, „ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა ის არასოდეს გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი და შეაჩეროს ეს აგრესია მოლაპარაკებების დაწყებამდე“.
ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.
უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.