აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პირობა დადო, რომ ჩინეთს ფასის გადახდა მოუწევს, თუ ქვეყანა რუსეთს უკრაინასთან ომისთვის ლეტალურ იარაღს მიაწვდის.
რაც შეეხება დიპლომატიურ საუბრებს, სალივანის თქმით, ჩინურ მხარესთან დახურულ კარს მიღმა მუქარის ტონით არ საუბრობენ და უბრალოდ განუმარტავენ, რა დევს სასწორზე.
„ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებსიწვევს. პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები და გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა დაეკისრება. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონ-დაწონიან, როდესაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განუცხადა სალივანმა CNN-ს.
CNN-ის წყაროების თქმით, პეკინს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.