ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება.
„ძალიან მადლიერები ვართ, საბერძნეთის მთავრობის. ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენი და საბერძნეთის პოლიტიკური, ტურისტული, ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება იმის მიუხედავად, თუ რას ილაპარაკებს რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი თუ რომელიმე სხვა პირი.
რაც შეეხება საბერძნეთთან ფრენებს, არც იქაა მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გარკვეულ ზომებს იღებენ, ასევე ჩვენც, ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ფრენები ხორციელდება, არა ისე, როგორც გვინდა და შარშან იყო, ისე როგორც შეეფერება ამოცანას, რომ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური ვითარება შევინარჩუნოთ, ამ ფონზე ფრთხილად ვუდგებით. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა მოლაპარაკება „ეგეოსის ავიახაზებთან“. ახლა დავასრულეთ მოლაპარაკება და როგორც მინიმუმ, აგვისტოს ბოლომდე ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება. ესაა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საქართველოსაც და საბერძნეთსაც“,-განაცხადა თურნავამ.
იხილეთ ასევე: საბერძნეთის ელჩი: „ახსნას ვერ ვპოულობთ, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი“