აშშ-ის ელჩის შეფასებით, კითხვები ჩნდება, რა არის „ხალხის ძალის“ კანონპროექტის რეალური მიზანი და რა არის კანონის წარდგენის მთავარი მიზეზი. ამის შესახებ ელჩმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„მთავარია, რა არის საქართველოს ინტერესებში, აქ მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტის ვერსიას - ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. ისიც ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ პასუხისმგებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.
გაერომ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, რადგან ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნის, უსაფრთხო, წარმატებული მომავლის მისაღწევად.
ეს საქმე წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს საფრთხეს შეუქმნის ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამდენად, ჩემი შეკითხვაა, რატომ სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად მისი ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტების, მისწრაფებების და მკაფიო არჩევანის შესახებ“, – განუცხადა ელჩმა მედიას.