ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რუსული კანონმდებლობის ანალოგი უწოდა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი. შესაბამისი განცხადება ელჩმა დეგნანმა მედიასთან გააკეთა.
ელჩის შეფასებით, საქართველოს არ სჭირდება ხსენებული კანონპროექტი.
„ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.
საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია, საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი", - განაცხადა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ამ კანონის წარდგენა.
ელჩმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს განმარტა, რომ ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ პოლიტიკური ინტერესების წარმოსადგენად.
„საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც საქართველოს თემებისა და საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობენ?!“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს 24 თებერვალს.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.
ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
"ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.
"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.