შალვა პაპუაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს

კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ელჩებს განუცხადა, რომ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

„გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული.

უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, მათ მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს, ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.