ისრაელი უკრაინის დასახმარებლად აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია - ელი კოენი

ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს და დაეხმარება უკრაინას, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ასობით ათასი ებრაელი. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა ბერლინში, გერმანელ კოლეგა ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენის თქმით, ისრაელი „გმობს“ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ისრაელი „უნიკალურ მდგომარეობაშია", რადგან რუსეთში 600 000 ებრაელი ცხოვრობს, ამიტომ, ამ მხრივ ისრაელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ისრაელი აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია.

კოენმა კიევში მისი ვიზიტი გაიხსენა.

„ისრაელი არის უკრაინის მხარეს, უკრაინელი ხალხის მხარეს და ასეა ამ ომის პირველი დღიდან“. ისრაელი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

გარდა ამისა, კოენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა ისრაელის მზადყოფნის შესახებ, უკრაინას მიაწოდოს თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ირანის თემაზე, რომელიც, მისი თქმით, პრობლემად იქცა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის.

„ირანული იარაღი უკრაინაში ევროპელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. ასე რომ, უკრაინელი ხალხი და ისრაელელი ხალხი იგივე საფრთხის წინაშე დგანან. მოქმედების დროა“, - აღნიშნა ელი კოენმა. 

მისივე თქმით, ახლა მაგიდაზე ორი ვარიანტია: „სანქციების გაფართოება, მაგრამ ასევე „სანდო სამხედრო ვარიანტი“. „დაზვერვის ცნობებიდან გამომდინარე, ახლა არის „სწორი დრო ამ ორ ნაბიჯზე მუშაობისთვის“. მხოლოდ ერთობლივ გადამწყვეტ ქმედებას შეუძლია რეჟიმის შეჩერება“, აღნიშნა კოენმა და მოუწოდა გერმანიას, აღიაროს ისლამური რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად.