საფრანგეთის ელჩი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საქართველოს დიდი წარმატებაა

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოსთვის დიდ წარმატებად აფასებს. ამის შესახებ ფრანგმა დიპლომატმა Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად.

თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო.

ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც.

ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.