იმპიჩმენტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპის ადვოკატები მის დაცვაზე უარს ამბობენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ტრამპს ადვოკატები დაცვაზე უარს ეუბნებიან.
CBS-სთან საუბრისას ტრამპის მრჩეველი, ჯეისონ მილერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ორმხრივია.
ბაჩ ბაუერსმა და დებორა ბარიემ ტრამპის დაცვის გუნდი დატოვეს, ჩრდ. კაროლინელი ადვოკატი, ჯოშ ჰოვარდი ასევე აღარ დაიცავს ტრამპის უფლებებს სენატში და კიდევ რამდენიმე ადვოკატი უარს ამბობს სენატში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დაცვაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ადვოკატებისგან მოითხოვდა, მისი დაცვის სტრატეგია არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე დამყარებულიყო, განსხვავებით მისი ყოფილი ადვოკატებისგან, რომლებიც მას საქმის ლეგიტიმურობაზე ურჩევდნენ სტრატეგიის აწყობას.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გახილვა სენატში 8 თებერვალს გაიმართება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.