საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ბერლინში ისაუბრა.
„თქვენ იცით, რომ პარლამენში ორი ვერსიაა შეტანილი. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე - ე.წ. ამერიკული ვერსია - როგორც ამიხსნეს და ვიცით, რომ ასე არის - რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა და ამის გადმოტანა მოხდა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ არსებობს და მოქმედებს ეს კანონი - მე ვფიქრობ, მას შემდეგ არავის გაჩენია სურვილი, განეკითხა ან განესაჯა, რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო 10 წელში „ქართულმა ოცნებამ“ მოტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ახლა ველოდებით სტატუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ.
ნებისმიერი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ ბევრისთვის ეს შეიძლება, მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთვრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამვჭვირვალობით ვართ მართლაც მოწინავე პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით ვართ პირველ ადგილზე. ასე რომ, ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ მკაფიოდ განმარტეს ჩვენმა კანონმდებლებმა, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით და ამის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ საკითხზე.
რაც შეეხება შექმნილ აჟიოტაჟს, ჩვენ მარტივად ვხვდებით, საქმე იმაშია, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი, 2%-ს ქვემოთ არის. მე მესმის მათი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას:
ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში.
მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი. ასე რომ, ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარებაში არიან.
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ხელისუფლება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ არავის არ ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ „ეს ხალხი“ („ნაციონალური მოძრაობა“) ყოფილიყო ხელისუფლებაში, ახლა საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.