რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები.
უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას.
ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობდა. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე.
შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა.