ექიმ, ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.
„როგორც ზაზა ბიღიაშვილი ჰყვება, აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.